ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

ფემინიზმი – პირადი ისტორიები


რატომ გავხდი ფემინისტი?

პირველ რიგში ფემინიზმი, როგორც ცალკეულად, მხოლოდ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას ჩვენთვის არ ნიშნავს, ფემინიზმი ეს არის ბრძოლა დემოკრატიული, სოციალურად სამართლიანი და თანასწორი გარემოს ჩამოსაყალიბებლად. ჩვენთვის, მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში არა მხოლოდ ქალები, არამედ წინააღმდეგობის აქტორები იყვნენ ეკონომიკურად, სოციალურად თუ კულტურულად ჩაგრული ადამიანები.  

ჩაგვრა

ამის გაცნობიერება რთული არ ყოფილა, აჭარაში გავიზარდე, სადაც ბევრი ფაქტორია, რომელიც სხვადასხვა ტიპის უთანასწორობების დანახვის საშუალებას გაძლევს, დაწყებული კულტურული ნორმების, სტანდარტებისა და კონსტრუქციების არსებობით, დამთავრებული სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრის არსებობით, სახელდობრ ვგულისხმობ პრეკარიულ შრომას და ამ ტიპის სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებას. მირჩევნია, რომ დღევანდელ მოხსენებაში ამ ტიპის სხვაობებზე გავაკეთო აქცენტი, რაც ძალიან თანმდევია და გამჭოლი მახასიათებლებია რეგიონისთვის. 

ტურიზმის სექტორში მძვინვარებს გენდერული ნიშნით ჩაგვრა, რაშიც, ერთი მხრივ, ვგულისხმობ იმ სტანდარტებს და მოთხოვნებს, რომლებიც ცალსახად კონსტრუირებულია, როგორც ქალისთვის დამახასიათებელი, ასევე, ვგულისხმობ იმ არაადამიანურ შრომით პირობებს და სხვაობას ანაზღაურებას შორის პრეკარიული ტიპის შრომაში, რომელიც ქალთა შრომის არაღიარებას ან მის გამარტივებას ისახავს მიზნად. პრეკარიული შრომის ცალკე და ყველაზე დიდი განზომილება მცირე საოჯახო სასტუმროში დასაქმებულ ქალებს შეეხებათ, ეს მიმართულება ცალკე კვლევის საგანია, იმდენად მრავალ სიმრავლეს და ასპექტს შეიცავს და მასზე ამ მოხსენებაში არ გავამახვილებ ყურადღებას.

თუმცა, ზემოჩათვლილი ფაქტორები იყო ის, რაც ეხებოდა ჩემი ოჯახის წევრებს, მეხებოდა მეც, ჩემს სანაცნობოს, მეგობრებს, სწორედ ამან მიმიყვანა მდგომარეობამდე, რომ ჩემი წუხილი და ბრაზი გამომეხატა და მეთქვა, რომ ასეთი მდგომარეობა უნდა შეცვლილიყო, სწორედ ამის შემდეგ დავიწყე  სახელდებების გაკეთება და უფრო სიღრმისეულად იმის გაცნობიერება, რაც უკვე არა მხოლოდ მე, არამედ ყველა ქალს ეხებოდა.  თუმცა ეს ძალიან ძნელი პროცესი იყო, ყველაფრის სხვაგვარად დასაწყებად აღიარება და ბრძოლის სურვილი იყო საჭირო, მანამდე არც არავის უკითხავს ვყოფილიყავით ის, ვინც ვართ.  ჩაგვრის გაცნობიერებამ და სახელდებამ მოგვცა თავისუფლება. თავისუფლება არა ჩაგვრისგან, არამედ ახალი პროცესის დასაწყებად.

როგორ დავიწყეთ მოქმედება და რას ნიშნავს ჩემთვის ფემინიზმი?

2017 წელს დავბრუნდი აჭარაში, ვფიქრობ კარგი პერიოდი იყო დასაბრუნებლად, რადგან ზუსტად ვიცოდი, რისი შეცვლა მინდოდა და რას გავაკეთებდი, როდესაც საბოლოოდ დავარწმუნე ჩემი თავი, რომ ან უნდა მებრძოლა ან შევგუებოდი მოცემულობას. ამავე პერიოდში ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავიწყე ფიქრი იმაზე თუ, რა უნდა გაგვეკეთებინა. პირველ  რიგში, მასიურად წავაწყდით იმ ტიპის პრობლემებს, რაც, ერთი მხრივ, კრიტიკული ცოდნების ნაკლებობასთან, ხოლო, მეორე მხრივ, უკვე არსებულ ცოდნებში ძალაუფლებრივი იერარქიების გაჯერებაზე მეტყველებდა. ცოდნების ნაკლებობა  და იერარქიულობა მნიშვნელოვანი წინაღობა აღმოჩნდა ჩვენი სამომავლო საქმიანობისთვის. ამ პერიოდში გავაკეთეთ პირველი წიგნის კითხვის წრე ქობულეთში, სადაც ვცდილობდით სოციალური მეცნიერებების თეორიების და ტექსტების დამუშავებას. საკმაოდ რთული პროცესი იყო, თუმცა ამან გაგვაძლიერა ჩვენც და პირველ რიგში, ეს გახდა საფუძველი ჩვენი თვითგამორკვევისა, რამაც მოგვიანებით ძლიერი სოციალური ბმა და სოლიდარობის მაღალი მგრძნობელობა მოგვიტანა. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ჯგუფის საქმიანობაში, ალბათ, თვითგამორკვევა იქნება ეს ღირებულებითი, იდეოლიგიური თუ პოზიციონირების თვალსაზრისით ის მნიშვნელოვანი ბერკეტია, რაც ამ ჯგუფს ძლიერს და წინააღმდეგობრივს ხდის. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ ჯგუფიც ჩამოვაყალიბეთ, ჩვენს საქმიანობას უფრო ინსტიტუციური სახე მივეცით (ორგანიზაციიის შექმნის გზით), მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციური და ფორმალიზებული თანამშრომლობის ფორმაზე არ ვფიქრობდით, ეს მაინც ერთადერთი გზა იყო ადგილობრივი ინსტიტუტებისთვის (თვითმმართველობა/მერია) ლეგიტიმური სუბიექტები გავმხდარიყავით, რადგან არაფორმალურ დონეზე გაწეული წინააღმდეგობა ყოველთვის უგულებელყოფილი იყო. თუმცა, თავიდან ჩვენი მუშაობა ძირითადად მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხებზე ხდებოდა, სადაც ქალთა პრობლემატიკას, ლგბტქი ჯგუფების საჭიროებებს და ბოშათა თემთან დაკავშირებულ საკითხებს გამჭოლი პერსპექტივით ვამუშავებდით. 

მალევე დადგა საჭიროება, რომ ქალთა საკითხებზე განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაგვეკეთებინა, პრაქტიკულად ეს იყო პირველი შესაძლებლობა, რომ ორგანიზაციის ჯგუფის ნაწილს მთავარი აქცენტი სოციალური სამართიანობის გენდერულ ასპექტებზე გაეკეთებინა და ნათლად წარმოეჩინა იმ ტიპის უთანასწორობები, რაც არსებობს ამ მიმართულებით. პრაქტიკულად, ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. რამდენიმე თვეა რაც ფემინისტური პლატფორმა გავაკეთეთ, რომელიც აერთიანებს, როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვა ასაკის ქალებს. ჩვენმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თვითგამორკვევა ნებისმიერი ტიპის ახალი ჯგუფისთვის ფუნდამენტური ქვაკუთხედია, რის გამოც განსაკუთრებით დიდი ადგილი და დრო დავუთმეთ ერთმანეთს შორის ცოდნების გაზიარებას, მსჯელობას, დისკუსიას, დიალოგს ახალგაზრდა ქალებსა და საშუალო ასაკის ქალებს შორის. ვფიქრობთ, რომ დიალოგია ის მთავარი ბერკეტი, რაც ჩვენს გაერთიანებას უფრო ძლიერს და უფრო მეტად წინააღმდეგობრივს ხდის. 

პრობლემები ბევრია, ყველა მიმართულებით, დაწყებული ჯგუფში ფარულად/არასაჯაროდ ყოფნიდან, დამთავრებული  ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობისა და ქალთა საჭიროებების სრული უგულებელყოფის გზით. თუმცა, სოლიდარობის ქსელები, რომელიც ჯგუფის შიგნით და გარეთ იქმნება, ეტაპობრივად ძლიერდება და რამდენიმეთვიანი ჩვენი ერთობლივი მუშაობის გამოცდილება მაძლევს დარწმუნებით თქმის საშუალებას, რომ მხოლოდ ასეთი ტიპის სოლიდარობას ქალებს შორის ექნებათ მაღალი წინააღმდეგობის გაწევის საშუალება, ეს წინააღმდეგობა აიძულებს ადგილობრივ ხელისუფლებასაც იმუშაოს და ხელი შეუწყოს ქალთა რეალურ საჭიროებებზე და იმ დღის წესრიგზე, რომელსაც ადგილობრივად, ქალები შევთავაზებთ მათ. ამ ტიპის სოლიდარობის ქსელებით უნდა შეიქმნას ისეთი წინააღმდეგობა, რომელიც მიმართული იქნება სოციალურად, ეკონომიკურად თუ კულტურუად თანასწორი საზოგადოების შექმნისკენ და შენარჩუნებისკენ.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ კოლექტიურ მუშაობას ყოველთვის აქვს შედეგი, დღეს ეს ტექსტი ერთობლივად მოვამზადეთ ჩვენს ფემინისტურ პლატფორმაზე. ამ ტექსტზე მუშაობამ კი ის რწმენა შემმატა, რაც ასე ძალიან გვჭირდება ჩვენს საზოგადოებას,  ეს რწმენა აუცილებლად მიგვიყვანს სოლიდარობისკენ და თანასწორობისკენ ჩვენსავე საზოგადოებაში. 

  მედეა მოწყობილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *