ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 88

+995 592 13 23 12

ddcageorgia@gmail.com / info@ddca.ge

ქობულეთელი ახალგაზრდების 16.8%, ფინანსური პრობლემების გამო, სწავლას ვერ განაგრძობს


ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იმის გარკვევა იყო, თუ რა ხედვები აქვს ახალგაზრდა თაობას, როგორია მისი ინფორმირებულობის დონე, მოლოდინები და დამოკიდებულებები ცვალებადი სოციალური გარემოს მიმართ.

კვლევით გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტში რესპონდენტების 53%-ს არ აქვს დასრულებული უმაღლესი განათლება. კვლევის ავტორების თქმით, გამოკითხული ახალგაზრდების 90%-ს ფინანსური პრობლემები აქვს. იმ რესპონდენტებიდან, რომლებმაც სწავლა რომელიმე ეტაპზე შეწყვიტა (ასეთი არის რესპონდენტების 56%) ძირითად მიზეზად სწავლის საფასურის გადაუხდელობა დაასახელა 30%-მა, რაც საერთო რესპონდენტების რაოდენობის 16.8% შეადგენს.

ასევე გაირკვა, რომ განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალაქსა და სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის. ასევე, ახალგაზრდების 91% ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად. მშობლებზე დამოკიდებულების ხარისხი, არ იკლებს ასაკის ზრდასთან ერთად.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების 22.5% სრული განაკვეთით არის დასაქმებული, ხოლო 24% დასაქმებულია ნახევარ განაკვეთზე ან თვითდასაქმებულია.

გამოკითხული ახალგაზრდების 81.9% ფიქრობს, რომ დასაქმების კუთხით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა; მათი 11.6% ფიქრობს, რომ კარგი იქნებოდა უკეთესი განათლების მიღების მიზნით საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ. ამასთან, გამოკითხულთა 20.7% უკმაყოფილოა განათლების ხარისხით საქართველოში.

კვლევაში 310 რესპონდენტი გამოიკითხა, ისინი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან.

კვლევა ძირითადად მოიცავდა შემდეგ თემატიკებს: განათლება და დასაქმება; დემოკრატია და მმართველობა; შეხედულებები საგარეო პოლიტიკაზე; პრობლემები და მისწრაფებები; იდენტობა, ღირებულებები და რელიგია; დასვენება და ცხოვრების წესი.

კვლევა აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრმა ჩაატარა.

 

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა IMEDINEWS.ge-ზე.